სოციალური საწარმო "ბებიას"
სოციალური საწარმოს შექმნის ისტორია
სოციალური საწარმო „ბებიას” დაფუძნდა 2018 წლის 7 სექტემბერს. საწარმოს შექმნის ისტორია უკავშირდება დამფუძნებლისა და თავისი ბებიის სიყვარულით სავსე ურთიერთობას. „ბებიას”, ქართული ბრენდია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ბებიებსა და საზოგადოების დანარჩენ ნაწილს და სიმბოლურია, რომ ეს კავშირი ბებიის მოქსოვილი ყველაზე თბილი პროდუქტით მყარდება.
დამფუძნებლებს სწამთ, რომ ბრენდი უნდა ქმნიდეს ჭეშმარიტ ღირებულებას ადამიანისთვის და არ უნდა იყოს მომხმარებლისთვის მხოლოდ პროდუქტის ან სერვისის მიმწოდებელი სისტემა. სწორედ ამიტომაც, სოციალური საწარმო სახლში მყოფ ბებიებს საშუალებას აძლევს, მიიღონ დამატებითი შემოსავალი საყვარელი ხელსაქმით, ხოლო მეორე მხრივ, ქმნის მაღალი ხარისხის თბილ და ეკომეგობრულ პროდუქტს.
სოციალური საწარმოს მისია და მიზნები
„ბებიას” მისიაა ხანდაზმული ადამიანების და განსაკუთრებით ქალბატონების, ბებიების, გაძლიერება მათი ღირსეული სიბერის უზრუნველსაყოფად.
„ბებიას” მიზნებია:
- ხანდაზმულ ადამიანებზე და განსაკუთრებით, ქალბატონებზე ზრუნვა, რათა ბდაუბრუნდეთ განცდა იმისა, რომ ისინი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ;
- ხანდაზმული ადამიანების და განსაკუთრებით ქალბატონების ეკონომიკური გაძლიერება, მათთვის შემოსავლის წყაროების გაჩენა;
- ხანდაზმულ ადამიანებზე და განსაკუთრებით ქალბატონებზე ზრუნვა, რათა მათ შეძლონ აქტიური ცხოვრება.
სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი
„ბებიას” მომხმარებელს სთავაზობს ბებიების ხელით, 100%-ით ნატურალური ქართული შალით მოქსოვილ ქუდებსა და სხვა აქსესუარებს. ჩამონათვალშია:
- ქუდები
- წინდები
- ხელთათმანები
ქუდები გათვლილია როგორც საცალო, ისე კორპორატიულ გაყიდვებზე. სურვილისამებრ, კორპორატიული სერვისის სახით, „ბებიას” მომხმარებელს სთავაზობს ბრენდირებული იარლიყების დამზადებასა და ქუდებზე განთავსებას.
სოციალური შედეგები
- სოციალურ საწარმოში ბრენდის ქუდებს, ამჟამად, რეგულარულად, ოცამდე მქსოველი ბებია ქმნის;
- სოციალურ საწარმოში ძირითადად დასაქმებულები არიან ბებიები კათარზისიდან, რომლებსაც უკიდურეს სიღარიბეში უწევთ ცხოვრება. დასაქმებით მათ გაუჩნდათ დამატებითი შემოსავლი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დაუბრუნდათ ხალისი, ახალი საქმე და ცხოვრებისეული შემართება;
- სოციალურ საწარმოს, გარდა მისი თავდაპირველი სოციალური მისიისა, წვლილი შეაქვს გარემოსდაცვითი მიმართულებით. ქუდები სპეციალურად საწარმოსთვის დამზადებული 100%-ით ნატურალური თუშური შალით იქსოვება, რომელთა ნაწილი უკვე 100%-ით ბუნებრივი საღებავით არის შეღებილი. ეს კი ამცირებს რეცხვის დროს მიკროქსოვილების გამოყოფას, რაც სინთეტიკური ტანსაცმლის შემთხვევაში გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ უდიდეს წყაროს წარმოადგენს.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ელ-ფოსტა: info.bebias@gmail.com
- ტელ.: +995 577 273 090
- ვებ-გვერდი: www.bebias.ge
- Facebook: https://www.facebook.com/bebiasmoqsovilia/