7-წევრიანი ჟიურის გადაწყვეტილებით, ნომინაციის ფინალისტები ,,თავისუფალი სივრცე“, ,,ედენა“ და ,,იკორთა“ არიან. სამი ნომინანტიდან ერთი კი, 8 ნოემბერს, სოციალური მეწარმეობის რიგით მე-12 ფორუმზე წლის სოციალური საწარმო 2023-ის ტიტულს მოიპოვებს. ღონისძიებას ევროკავშირის მხარდაჭერით სოციალურ საწარმოთა ალიანსი მართავს.
ვინ არიან ნომინანტები?
,,თავისუფალი სივრცე“ - სოციალური კაფეა ქალაქ ბათუმში. კაფე 2017 წლიდან ფუნქციონირებს და დაარსების დღიდან მისმა შემქმნელებმა მიზნად დაისახეს ბათუმში შეექმნათ ყველასთვის ხელმისაწვდომი სივრცე, რომელსაც საგანმანათლებლო და შემეცნებითი დატვირთვა ექნებოდა.
დღეისათვის თავისუფალი სივრცის ბალანსზე 500-მდე ღონისძიება და განხორცილებული აქტივობაა, რომელიც ადგილობრივებს საკუთარი თავის გამოხატვისა და განვითარების საშუალებას აძლევს.
,,ედენა“ - 2015 წელს ქალაქ ონში დაფუძნებული სოციალური საწარმოა, რომელსაც ადგილობრივი ქალების გადამზადებასა და დასაქმებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და სულ უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს აყვარებს თავს რაჭისათვის დამახასიათებელი, ტრადიციული რეწვის ნიმუშებითა და დეკორატიული თუ გამოყენებადი ნივთებით.
,,იკორთა“ - სოციალური საწარმო “იკორთა” ტიხრული მინანქრის სახელოსნოა, რომელმაც საქმიანობა 2011 წელს დაიწყო წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ადგილობრივი ქალების მიერ ჩადებული მცირე ინვესტიციით შექმნილი სოციალური საწარმო, დღეს უკვე წარმატებული მინანქრის სახელოსნოს წარმოადგენს, რომელიც დევნილთა დასახლებაში ქმნის სამოქალაქო და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს.
სამივე სოციალური საწარმოს უკან ქალები დგანან ან სწორედ მათი გაძლიერების მიზნითაა შექმნილი - წლევანდელ ნომინაციასაც სწორედ ეს გამოარჩევს.
სოციალური მეწარმეობის ფორუმისა და წლის სოციალური საწარმოს ნომინაციის ისტორია
სოციალური მეწარმეობის ფორუმს 12-წლიანი ისტორია აქვს, რომელსაც საფუძველი „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ 2012 წელს ჩაუყარა. იგი ყოველწლიური ღონისძიებაა და 2017 წლის შემდეგ „სოციალურ საწარმოთა ალიანსის“ ორგანიზებით იმართება.
ღონისძიების მიზანია სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და საქმიანი კავშირების გაძლიერება სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის. მასში ყოველწლიურად მონაწილეობენ სოციალური მეწარმეები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც მხარს უჭერენ კონცეფციის განვითარებას საქართველოში.
2016 წლიდან ფორუმზე ვლინდება წლის სოციალური საწარმო. თავდაპირველად, ნომინანტების გამოსავლენად იქმნება 7-წევრიანი ჟიური, სხვადასხვა სექტორიდან. უშუალოდ ფორუმის დღეს კი, სამი ნომინანტიდან ერთი ფარული კენჭისყრის გზით, იღებს წლის სოციალური საწარმოს ტიტულს.
სოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმი იმართება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში.