სოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმი, მიმდინარე წელს, 8 ნოემბერს გაიმართება სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით.
ფორუმის ფარგლებში ტრადიციულად გამოვლინდება გამარჯვებული ნომინაციაში “წლის სოციალური საწარმო”, რომელში მონაწილეობასაც საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოები იღებენ.
მონაწილეობის წესები და პირობები
ნომინაციაში „წლის სოციალური საწარმო“ მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობაც აკმაყოფილებს სოციალური მეწარმეობის განმარტებას ევროკავშირის კრიტერიუმების მიხედვით (სოციალური მეწარმეობა ევროკავშირის კრიტერიუმების შესაბამისად შემდეგნაირად განიმარტება: სოციალური საწარმო არის სოციალური ეკონომიკის ოპერატორი, რომლის მთავარი მიზანია სოციალური გავლენის შექმნა, ნაცვლად მფლობელებისთვის მოგების უზრუნველყოფისა. ის აწვდის საქონელს ან მომსახურებას სამეწარმეო და ინოვაციური გზით და მოგებას, უპირველეს ყოვლისა, იყენებს სოციალური მიზნების მისაღწევად. მისი მართვა ხორციელდება გამჭვირვალედ, მაღალი პასუხისმგებლობით, თანამშრომელთა, მომხმარებელთა და დაინტერსებულ პირთა ჩართულობით);
ორგანიზაცია უნდა ფლობდეს სოციალური მეწარმეობის საქმიანობის, სულ მცირე, ერთწლიან უწყვეტ გამოცდილებას;
2021 და 2022 წლის ნომინაციაში გამარჯვებულ სოციალურ საწარმოებს მიმდინარე წელს კონკურსში მონაწილეობას მიღების უფლება არ აქვთ;
ნომინირება: წლის სოციალური საწარმოს ნომინაციაში, სოციალური საწარმოს წარდგენის შესაძლებლობა აქვს:
სოციალური საწარმოს მენეჯმენტის (მმართველო ორგანოს) წარმომადგენელს;
სოციალურ საწარმოში დასაქმებულ პირს;
საწარმოს მხარდამჭერს, მენეჯმენტთან შეთანხმებით.
შეფასების კრიტერიუმები
„წლის სოციალური საწარმოს“ ნომინაციაში მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
სოციალური მიზნები და შედეგები
o სოციალურ საწარმოს აქვს ნათლად ჩამოყალიბებული ხედვა და მისია, რომელშიც იკვეთება სოციალური კომპონენტი;
o სოციალური საწარმო ზომავს მიღწეულ სოციალურ შედეგებს;
o სოციალურ საწარმოს შეუძლია, წარმოადგინოს მიღწეული სოციალური შედეგების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები.
ეკონომიკური შედეგები და მდგრადობა
o სოციალური საწარმო შემოსავლის სულ მცირე 50%-ს იღებს სამეწარმეო საქმიანობიდან;
o სოციალური საწარმო ეკონომიკური საქმიანობიდან შემოსულ მოგებას მიმართავს სოციალური შედეგების გასაზრდელად.
ორგანიზაციული განვითარება და ინოვაციურობა საქმიანობაში
o სოციალური საწარმოს გასული წლის საქმიანობის ზოგადი შეფასება (სოციალურმა საწარმომ გააფართოვა საქმიანობა; სოციალურმა საწარმომ გაამრავალფეროვნა პროდუქციის/მომსახურების სახეობა; სოციალურმა საწარმომ მოიძია ახალი სარეალიზაციო არხები);
o სოციალური საწარმოს ადაპტაციის უნარი კრიზისულ ვითარებასთან და გამოწვევებთან გამკლავება (გაყიდვების/მომსახურების შენარჩუნება);
o სოციალური საწარმოს ინოვაციური მიდგომები მომსახურების/პროდუქციის გასავითარებლად;
o სხვა მნიშვნელოვანი მიღწევები.
ცნობადობა
o სოციალური საწარმოს პროდუქციას/მომსახურებას იცნობს მომხმარებელი;
o სოციალური საწარმო იყენებს მედია საშუალებებს (სოციალური მედია: Facebook, Instagram, Youtube, Tiktok, ტრადიციული მედია: ტელევიზია, ონლაინ გამოცემები, ბეჭდური მედია) საზოგადოებასთან კომუნიკაციისათვის;
o სოციალური საწარმო საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას სოციალური შედეგებისა და ეკონომიკური მიღწევების შესახებ.
ზოგადი საკითხები
o სოციალური საწარმოს ჩართულობა სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციისა და მისი განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებში.
გამარჯვებულის გამოვლენა
„წლის სოციალური საწარმოს“ ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენა 3 ეტაპისგან შედგება:
• I ეტაპი: „წლის სოციალური საწარმოს“ ნომინაციაში მონაწილეობის მისაღები განაცხადის ფორმის შევსება;
• II ეტაპი: „წლის სოციალური საწარმოს“ ნომინაციისთვის სპეციალურად შექმნილი ჟიურის წევრების მიერ შემოსული განაცხადების განხილვა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და 3 ნომინანტი სოციალური საწარმოს გამოვლენა;
• III ეტაპი: სოციალური მეწარმეობის ფორუმზე ნომინანტი სოციალური საწარმოების მიერ საქმიანობის წარდგენა და ფარული კენჭისყრის მეშვეობით გამარჯვებული სოციალური საწარმოს გამოვლენა
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა: 19 სექტემბერი, 23:59 სთ
განცხადების შესავსებად, ეწვიეთ ბმულს
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
ერთ სოციალურ საწარმოს, მხოლოდ ერთხელ შეუძლია განაცხადის გაკეთება. იმ შემთხვევაში, თუ ერთსა და იმავე საწარმოს სახელით შემოსული იქნება რამდენიმე განაცხადი, განიხილება პირველი მათგანი;
აპლიკაციის შევსების შემდგომ შეუძლებელია მისი რედაქტირება;
იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ნომინირებას ახდენს მეგობარი პირი, ეს უნდა იყოს შეთანხმებული ზემოთაღნიშნული საწარმოს მენეჯმენტთან.
სოციალური მეწარმეობის ფორუმი იმართება ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო.