სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი
სოციალურ საწარმოთა ალიანსი, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით მართავს "სოციალური მეწარმების ახალგაზრდულ ფესტივალს".
პროექტი მიზნად ისახავს, ახალგაზრდების ჩართულობით და დასაქმების ხელშეწყობით, უზრუნველყოს საქართველოში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია.
პროექტის მიზნებია:
- ახალგაზრდების ცოდნის და უნარების გაუმჯობესება სოციალური მეწარმეობის და ღონისძიებების ორგანიზების საკითხებზე;
- სოციალური საწარმოების საქმიანობის და მათი პროდუქციის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საქართველოს სხვადასხვა, ტურისტულად აქტიურ ქალაქებში სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალის ორგანიზების გზით;
- სოციალური საწარმოების ეკონომიკური შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა, ფესტივალის ფარგლებში სოციალური საწარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვების ორგანიზებით;
- ახალგაზრდების როტაციის პრინციპით დასაქმება სოციალური საწარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვების პროცესში;
- ახალგაზრდებისთვის სოციალური მეწარმეობის სემინარების გამართვა გამოფენა-გაყიდვების პარალელურად.
აღნიშნული მიზნების მიღწევისთვის საქართველოს 5 ტურისტულად აქტიურ ქალაქში (თბილისი, სიღნაღი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი) დაიგეგმა ერთი მხრივ, საზოგადოების სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების და მათი დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებები, ასევე თბილისში, სიღნაღში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მოეწყობა სოციალური საწარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან ახალგაზრდები.
პროექტი განხორციელდა 2017 წლის 8 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით.