საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსი

03 ოქტ

საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ რიგით მეექვსე საგრანტო კონკურსს აცხადებს და სოციალური საკითხების მოგვარების, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით სოციალური საწარმოს პროექტებს დააფინანსებს.

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალური საკითხების მოგვარებას, რაც წარმატებული სოციალური საწარმოების დაფუძნებისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების გზით მიიღწევა.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სოციალური საწარმოს ის პროექტი, რომელსაც ორმაგი მიზანი ექნება − ეკონომიკური და სოციალური (მათ შორის, სოციალური უმთავრესია). ეკონომიკური მიზანი უნდა იყოს მეორე, უფრო მნიშვნელოვანი მიზნის − სოციალური კეთილდღეობის − მიღწევის წინაპირობა.

პროექტის წარმატება სოციალური პრობლემების მოგვარების მასშტაბურობით განისაზღვრება. პროექტი შეიძლება მოიაზრებდეს ყველაფერს − სოფლის თემის მაღაზიიდან დიდ სამშენებლო ფირმამდე, თუმცა ამის მიუხედავად, მთავარია, სოციალური საწარმო სოციალური პასუხისმგებლობისა და ფინანსური წარმატების შერწყმის საუკეთესო მაგალითს ასახავდეს.

კონკურსში მონაწილეობის მთავარი პირობები:
მონაწილეობის უფლება აქვთ:
- საზოგადოებრივ ორგანიზაციებს;
- საინიციატივო ჯგუფებს;

შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში გამოცხადებულ კონკურსებში შეირჩა და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საერთო ჯამში 650 000 ლარით დაფინანსდა 15 სოციალური საწარმოს პროექტი.

საწარმოები განთავსებულია მთელს საქართველოში : ლაგოდეხში, წნორში, ნუკრიანში, საგურამოში, კასპში, გარიყულაში, ზესტაფონში, ბათუმსა და თბილისში.

საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყება 2019 წლის 25 სექტემბერს და დასრულდება 10 დეკემბერს 18:00 სთ-ზე.

 

დამატებითი ინფორმაცია "სიცოცხლის ხის" საგრანტო კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:

https://tree.ge/competition/