სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით 16 სექტემბერს სოციალური საწარმოების პროდუქციის მაღაზია/შოურუმი გაიხსნა.
მაღაზია ქალაქ თბილისში, ნატო ვაჩნაძის #7-ში მდებარეობს და პირველი მომხმარებლებისთვის კარი 16:00 საათზე გაიღო. მაღაზიის გახსნის ღონისძიებას სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, თბილისის მერია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, კერძო სექტორი და თავად სოციალური საწარმოების წარმომადგენლები.
,,ესკი“ სოციალური კონცეფციის უნიკალური მაღაზიაა, რომელმაც პირველად გააერთიანა ქართველი სოციალური მეწარმეების პროდუქცია ერთ სივრცეში.
მაღაზია მნიშვნელოვნად დაეხმარება სოციალური საწარმოების უმრავლესობას, რომლებსაც შეზღუდული ფინანსების გამო არ აქვთ საკუთარი სივრცე პროდუქციის სარეალიზაციოდ. დამატებით, შოურუმი გაზრდის ცნობადობას თითოეული სოციალური საწარმოს შესახებ, რაც მომავალში ხელს შეუწყობს სოციალურ საწარმოებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
ამ ეტაპზე მაღაზია/შოურუმში 20 სოციალური საწარმოს პროდუქციაა წარმოდგენილი და ეს მონაცემი მზარდია.
მაღაზია/შოურუმი ევროკავშირისა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა.
მაღაზია/შოურუმის ბრენდინგზე იმუშავა სარეკლამო სააგენტომ Saatchi & Saatchi
პროექტის ინტერიერის დიზაინზე იმუშავა Accent by Her-ის დამფუძნებელმა, დიზაინერმა თაკო უნდილაშვილმა.
მაღაზია/შოურუმი ,,ესკი“ გაიხსნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო.