წლის სოციალური საწარმო 2022-ის ნომინანტების ვინაობა ცნობილია.
7-წევრიანი ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალისტები არიან:
1. დედიკო
სოციალური საწარმო დედიკო 2021 წლის გაზაფხულზე შექმნა, ქალაქ თბილისში. მისი სოციალური მისიაა მარტოხელა დედებისა და შესაბამისად, მათი შვილების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება დასაქმებისა და შემდგომი განვითარების ხელშეწყობის გზით. დედიკოში იქმნება ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მასალებისგან შეკერილი სხვადასხვა პროდუქტი.
2. ლიდერი
სოციალური საწარმო ლიდერი 2016 წელს დაარსდა, ქალაქ გორში. საწარმოს საქმიანობა ვრცელდება შიდა ქართლის ტერიტორიაზე და ემსახურება მთავარ მიზანს - მოწყვლადი ჯგუფის (სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული პირი, შშმ პირი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ.) წარმომადგენელ ქალთა გაძლიერებას. აღნიშნულის მისაღწევად, სოციალური საწარმო 3 წელზე მეტია, რაც სამიზნე ჯგუფს საკუთარი სახსრებით სთავაზობს ჭრა-კერვა-მოდელირებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერების მუდმივმოქმედ კურსს მომავალში დასაქმების პერსპექტივით. ლიდერში ასევე ხდება ნარჩენი მასალების გადამუშავება, რაც მათი დამატებითი ღირებულებაა.
3. ტენე
სოციალური საწარმო ტენე 2021 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს და ,,მწვანე" USB კაბელებს ამზადებს. ტენე მეორადი ნარჩენებისგან მზადდება და სოციალურ მიზნად დამინძურებული გარემოს წინააღმდეგ ბრძოლა აქვს დასახული. ტენეს ქარხანა წეროვნის დასახლებაში მდებარეობს და იძულებით გადაადგილებული პირების დასაქმება მათი დამატებითი ღირებულებაა.
გამარჯვებული 17 ნოემბერს, სოციალური მეწარმეობის მე-11 ფორუმზე, ფარული კენჭისყრის გზით გამოვლინდება.